თეგი: მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს, რათა მათ დროულად შეძლონ სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. შესაბამისად, მათ აქვთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი. თავის მხრივ, ისრაელის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. როგორც ნისიმ ბენ შიტრიტმა აღნიშნა, ეს არის თანამშრომლობის კარგი დასაწყისი ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯით – საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება. „მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს უმასპინძლა და მასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გააცნო, მადლობა გადაუხადა მას საქართველოს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის და პროფესიული განათლების განვითარების კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მიხეილ ჩხენკელი: მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენი ვალია, რომ შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია, შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია, შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი. ჩვენს მეგობარ უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ იქ მცხოვრებ ბავშვებს მიაყენა, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე აქვთ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან. ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა, რაშიც ყველაზე დიდი როლი, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებს ეკისრებათ. უდიდესია პედაგოგების წვლილი განათლებული თაობის აღზრდის საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი საფუძველია. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ და ჩვენი პატარებისთვის უზრუნველვყოფთ ისეთ უსაფრთხო და ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება ექნება“, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში.  

მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან, პატრიციო ბიანკისთან. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1 000-მდე მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იტალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.  

მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლებში საქართველოს ისტორიის გაძლიერებულ სწავლებას გეგმავენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. "მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა.აღნიშნული ჯგუფი აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან – პროფესორებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივ ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. სამუშაო პროცესში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს.ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო - საგანში "საქართველოს ისტორია".შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება.შემფასებელთა ჯგუფში შედიან: პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი, რომელიც სახელმძღვანელოს აფასებს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით.2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ",- ნათქვამია განცხადებაში.  

მიხეილ ჩხენკელი: განათლებული თაობა საქართველოს განვითარების მყარი საფუძველია

"ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით, კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.  საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.  „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. მსურს, გულითადად მივულოცო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს – მათ, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას. ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!“ - აღნიშნავს მინისტრი. სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან, დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება ასევე წაიკითხეთ: ახალი სასწავლო წლიდან, სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ  

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან. შეხვედრისას მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. უნივერსიტეტის კარი ღიაა თურქი სტუდენტებისთვისაც. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. თურქეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა თურქ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში ქართველ და თურქ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში სუათ კოლუქირიქი და საელჩოს წარმომადგენელი გიზემ სევიმი.  

მიხეილ ჩხენკელი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილს ავრცელებს.    „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს.   დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით.   კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“, - ნათქვამია ჩხენკელის განცახდებაში.  13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. "მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი, ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას. ასევე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას. მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე. თავის მხრივ, ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  მიხეილ ჩხენკელი ბაქოს საჯარო სკოლებს ესტუმრა, ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა და STEAM-ისა და ციფრული ტექნოლოგიების კლუბების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს დაესწრო. მინისტრმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია (ADA Universiteti) მოინახულა, სადაც უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა ბაქოს მრეწველობის, ინოვაციებისა და პროფესიული განათლების სახელმწიფო ცენტრშიც გამართა, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების მხარდამჭერი პროექტები და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.მიხეილ ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვს. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე, საერთო მიზნებსა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინამ რულაევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია განათლების ყველა მიმართულებით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებაზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.  

მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს: თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს მიმართავს და მათ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. „17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა – მინდა, თითოეულ სტუდენტს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკვე მრავალი წელია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მჯერა, მომდევნო წლები თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებებსა და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1946 წლიდან, ხოლო საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება.  

მიხეილ ჩხენკელი: 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი დაწყებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. „დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრმა. მიხეილ ჩხენკელმა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, 2021-2022 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სამი ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 200-მდე საჯარო სკოლამ მიიღო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ მატერიალური პროექტის განხორციელების მიზნით. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა ოთხი ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. „2019 წლიდან დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონებში 121 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.  

მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა. მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს.